შეტევა მოსკოვზე დრონებით - ქალაქის ცენტრში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა

24.07.23 10:13
შეტევა მოსკოვზე დრონებით - ქალაქის ცენტრში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა

მოსკოვის ცენტრში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. რუსეთი იერიშში უკრაინას ადანაშაულებს. თავდაცვის უწყება მომხდარს "ტერორისტული თავდასხმის მცდელობას" უწოდებს. მათი მტკიცებით, ორივე დრონი რადიოელექტრონული ბრძოლის მეთოდებით ჩამოაგდეს და შედეგად არავინ დაშავებულა. 

24 ივლისის დილას აღკვეთილ იქნა კიევის რეჟიმის ტერორისტული თავდასხმის მცდელობა ქალაქ მოსკოვის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე ორი უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით. რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების გამოყენებით ორი უკრანული დრონი უვნებელყოფილ იქნა და ჩამოვარდა. კიევის რეჟიმის ტერორისტული თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა". - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, თავდასხმა დაახლოებით დილის 4 საათზე მოხდა. 

თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ უკრაინული დრონები რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს და არავინ დაშავებულა.

კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები წერენ, რომ მოსკოვის ცენტრში ორი დრონი ჩამოვარდა, ერთი ლიხაჩოვის პროსპექტზე მდებარე ბიზნესცენტრთან, მეორე კი - პროსპექტ კომსომოლსკაიას 17 ნომერთან. ამ გამზირის მახლობლად მდებარეობს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება ვიდეოები და ფოტოები, რომლებშიც მრავალსართულიანი შენობის დაზიანებული ზედა ნაწილი ჩანს. 

უკრაინას მომხდარსა და ბრალდებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

 

მსგავსი სიახლეები