ქართველი მძღოლების პროტესტი გერმანიაში - პოლონური კომპანია დაქირავებულებს ხელფასებს არ უხდის
ქართველი მძღოლების პროტესტი გერმანიაში - აქციის მონაწილეები გაფიცულები არიან, ისინი ამ მდგომარეობამდე პოლონურმა კომპანიამ მიიყვანა, რომელიც მათ კუთვნილი ხელფასის გადახდაზე უარს ეუბნება.
საქართველოს მოქალაქეები მეათე დღეა ღია ცის ქვეშ საკვების გარეშე დგანან და ღამეს სატვირთო ავტომობილებში ათენებენ. საქართველოს 60 მოქალაქე დახმარებას საელჩოს სთხოვს, თუმცა ამბობენ, რომ საკონსულოს არაერთი მიმართვის მიუხედავად რეაგირება არ აქვს.
გაფიცული მძღოლები ირწმუნებიან, რომ ზოგიერთ მძღოლს 5-6 თვე აქვს ნამუშევარი მაგრამ დამქირავებელ კომპანიას ჯერ ანაზღაურება მათთვის არ გადაუხდია. მძღოლები ამბობდნენ, რომ მათ მიიღეს დაპირება, რომ თაღლითური სქემები აღარ განმეორდებოდა, მაგრამ სიტუაცია სხვა დახვდათ.
"ხალხს ძალიან ბევრი აქვს ნამუშევარი, ზოგს 5 თვე აქვს ნამუშევარი ზოგს 6 თვე და კუთვნილი ხელფასები საერთოდ არ ჩარიცხვიათ. წინა ორშაბათიდან დაიწყო გაფიცვა. შეგვპირდნენ ისეთ პირობებს, რომ გამოსწორდებოდა ყველაფერი და დავიწყებდით ისევ ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას და ეს თაღლითური სქემები აღარ იქნებოდა, მაგრამ როგორც ჩანს არ მოეშვა ადამიანი თავის თაღლითურ სქემებს და ისევ აგრძელებს ამ ყველაფერს" - ამბობს გაფიცული მძღოლი.
გაფიცული მძღოლის თქმით, ხალხი სამშობლოს პრობლემების გამო ტოვებს, რომ აქ ჩამოვიდნენ და იმუშაონ. მძღოლები ამბობენ იმასაც, რომ იქ ყველაფერი მოტყუებით ხდება.
"რისი გულისთვის მოდიან აქ შორი გზიდან, ბანკის ვალები აქვთ, მისაცემი აქვთ ფული, რაღაც პრობლემები აქვთ, იმ პრობლემებში არიან და ამიტომ მოდიან აქ სამუშაოდ. ზოგს საჭმელი არ აქვს, ბევრი მშიერი ყოფილა აქ. აი ასე მოტყუებით ხდება ყველაფერი" - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული მძღოლი.