არ გვჯერა, რომ რუსეთი კვლავ არ მოისურვებს აგრესიით დაბრუნებას უკრაინიდან ოკუპანტების განდევნის შემდეგაც - ზელენსკი

არ გვჯერა, რომ რუსეთი კვლავ არ მოისურვებს აგრესიით დაბრუნებას უკრაინიდან ოკუპანტების განდევნის შემდეგაც, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ღონისძიებაზე ზელენსკიმ უკრაინელი დამცველები დააჯილდოვა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყველა უკრაინელს სურს, მომავალ წელს ეს დღე თავისუფალ დედაქალაქში გამარჯვებით აღნიშნონ.
მისი თქმით, სახელმწიფოებრიობა არასდროს არის მოცემულობა და რომ ის უკრაინისთვის მსახურებისა და მუშაობის შედეგია.
„ჩვენი სახელმწიფოებრიობის ათას წელზე მეტი ხნის ისტორია გვეუბნება, რომ სწორედაც უნდა გავიმარჯვოთ. არ გავჩერდეთ, არ ვივაჭროთ, არ მივენდოთ ბედის ნებას, არამედ გავიმარჯვოთ და ვაშენოთ ისეთი ძლიერი სახელმწიფო, რომ მისი თავდაცვის პოტენციალმა და შესაძლებლობამ, ჩვენი ხალხის საკუთარ თავში რწმენამ, იარაღმა უკრაინელების ხელში და ყველას ერთიანობამ სახელმწიფოში უზრუნველყოს უკრაინის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება და ჩვენი სახელწმიფოს წინააღმდეგ აგრესიის არგანმეორება. არ გვჯერა, რომ რუსეთი კვლავ არ მოისურვებს აგრესიით დაბრუნებას მთელი ჩვენი მიწიდან ოკუპანტების განდევნის შემდეგაც. უკრაინის გამარჯვება შესაძლებელია.
სახელმწიფოებრიობა, რომელიც ვინმემ შეიძლება, აღიქვას როგორც ფულის შოვნა ან ძალაუფლების, ამბიციების დევნა, სხვებისთვის – ძლირებისთვის და სუფთებისთვის – ის ხდება უმაღლესი მსხვერპლი – სიცოცხლე, რომელსაც ჩვენი გმირები წირავენ ყველა ჩვენგანისთვის, უკრაინის თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.