შტატებმა ხუთი ბელარუსული კომპანია დაასანქცირა - სანქცირებულია თვითმფრინავიც, რომლითაც ლუკაშენკო სარგებლობს

აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა ხუთი ბელარუსული კომპანია, მათ შორის ავიაკომპანია Belavia, რვა ფიზიკური პირი და ერთი თვითმფრინავი, სანქციების სიაში შეიყვანა.
სანქცირებულია თვითმფრინავიც, რომლითაც ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო და მისი ოჯახის წევრები სარგებლობენ.
- აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს სანქციების სიაში შედის:
- სახელმწიფო კომპანია "ბელავია";
- მისი კუთვნილი თვითმფრინავი CR-200ER, რომლითაც შეერთებული შტატების ცნობით, ბელარუსის პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები სარგებლობენ;
- მინსკის სამოქალაქო ავიაციის ქარხანა No407 (რუსეთის სამოქალაქო და სამხედრო ავიაციის მომსახურებისთვის);
- ბელარუსული მეტალურგიული ქარხანა და მისი დირექტორი დიმიტრი კორჩიკი.
- BEL-KAP-STEEL LLC, BMZ-ის შვილობილი კომპანია ფლორიდაში
- "თამბაქოს მაგნატის" ალექსეი ალექსინის ცოლი და ორი ვაჟი. თავად ალექსინი ჯერ კიდევ 2021 წელსაა სანქცირებული აშშ-ის მიერ.
- ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური გამოძიების დეპარტამენტი და მისი ხელმძღვანელობა - დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიებში თანამონაწილეობისთვის.
- "ყველა ამერიკული აქტივი, რომელიც ექვემდებარება სანქციებს, გაყინულია და ამერიკულ ფირმებსა და მოქალაქეებს ეკრძალებათ ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელება სანქციების სიაში მყოფებთან." - განმარტავს აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტი.
„ეს ქმედებები მიმართულია იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ ბელარუსის რეჟიმის მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიებში, მის თანამონაწილეობაში რუსეთის ფედერაციის გაუმართლებელ ომში უკრაინაში და ბელარუსის რეჟიმის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გამდიდრებაში“, - განმარტავს სამინისტრო.