დონალდ ტრამპს ახალი ბრალი წაუყენეს

მორიგი საქმე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ - დონალდ ტრამპს ჯორჯიის შტატმა ახალი ბრალი წაუყენა.
ნაფიც მსაჯულთა დიდმა ჟიურიმ მიიჩნია, რომ ტრამპი შესაძლოა ჯორჯიის შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობაში იყო ჩართული. ტრამპის გარდა ამ საქმეში ბრალი თეთრი სახლის აპარატის ყოფილ თანამშრომლებსაც აქვთ წარდგენილი. საბრალდებო დოკუმენტში ბრალდებულები მოხსენიებულნი არიან, როგორც "კრიმინალური ორგანიზაცია".
დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს და "რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატებს შორის ლიდერობს. ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებულია.
ტრამპს ბრალი სამ სხვა საქმეში აქვს წარდგენილი - 1) შეთქმულება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაუქმებლად, 2) საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ შენახვა, 3)ჩანაწერების გაყალბება პორნოვარსკვლავის დუმილისთვის ფულის გადახდის დასაფარად.