ბლინკენი კონგრესს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს უკრაინისთვის დამატებით 24,1 მილიარდის გამოყოფას

16.08.23 10:03
ბლინკენი კონგრესს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს უკრაინისთვის დამატებით 24,1 მილიარდის გამოყოფას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კონგრესს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაუჭირონ მხარი ჯო ბაიდენის მოთხოვნას უკრაინისთვის კიდევ $24,1 მილიარდის გამოყოფასთან დაკავშირებით.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ ამერიკის ძალისხმევამ და რესურსებმა, ისევე როგორც მოკავშირეებისა და პარტნიორების დახმარებამ, საშუალება მისცეს უკრაინელებს, იბრძოლონ სიცოცხლისთვის, თავისუფლებისა და მომავლისთვის.

"მომდევნო კვირაში წელიწად-ნახევარი გავა რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან. წელიწად-ნახევარი უკრაინული სკოლებისა და საავადმყოფოების დაბომბვებიდან, საკვებისა და საწვავის იარაღად გამოყენებიდან, მოკლული და დაჭრილი ათასობით უკრაინელიდან…

მთელი ამ დროის განმავლობაში უკრაინელები აჩვენებდნენ წარმოუდგენელ სიმამაცესა და სიმტკიცეს. გასულ კვირაში ჯო ბაიდენმა მოითხოვა 24,1 მილიარდი დოლარი უკრაინის უსაფრთხოების, ეკონომიკის, ჰუმანიტარული საჭიროებების მხარდაჭერის გასაგრძელებლად, ისევე როგორც სხვა ქვეყნების, რომლებიც განიცდიან ამ ომის შედეგებს.

ჩვენმა ძალისხმევამ და რესურსებმა, ისევე როგორც მოკავშირეებისა და პარტნიორების დახმარებამ, საშუალება მისცეს უკრაინელებს, რომ იბრძოლონ სიცოცხლისთვის, თავისუფლებისა და მომავლისთვის. მოვუწოდებ კონგრესს, დაუყოვნებლივ დაუჭიროს მხარი დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მოთხოვნას," - განაცხადა ბლინკენმა 15 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე.