"The Killers-ს საქართველოში სცენაზე რუსი დრამერის მიწვევის გამო უსტვინეს" - რუსული მედია ქართველი ხალხის პროტესტზე
ქართველი ხალხის პროტესტზე რუსული მედია წერს. კრემლის პროპაგანდისტები ამტკიცებენ, რომ ქართველი ხალხი ამერიკელ შემსრულებელს დაუპირისპირდა, არტისტები კი, რომლებიც გუშინ "ბლექ სი არენაზე" ქილერსის კონცერტს ესწრებოდნენ, აცხადებენ რომ მომხდარზე პასუხისმგებელი ღონისძიების ორგანიზატორები არიან, რომლებმაც ასობით მილიონიანი პროექტი საქართველოს მთავრობის დავალებით გააკეთა.
"The Killers-სს საქართველოში სცენაზე რუსი დრამერის მიწვევის გამო უსტვინეს";
"ამერიკულ ჯგუფ The Killers-სს საქართველოში უსტვინეს რუსებთან ძმობის მოწოდების გამო";
"The Killers -მა ბოდიში მოიხადა სიტყვებისთვის რუსებთან ძმობის შესახებ" - ეს ის სათაურებია, რომლითაც TACC; Lenta.RU; РИА Новости და სხვა რუსული გამოცემებია აჭრელებული.
საქართველოს მთავრობის დაფინანსებით მოწვეული ჯგუფის the killers სოლისტმა სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა, რასაც ხალხის პროტესტი მოჰყვა.
დარბაზში შეკრებილი მსმენელის ნაწილის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მოსმენის მიუხედავად, ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად კომპოზიცია შეასრულა.
აუდიტორიიდან ისმოდა შეძახილები, "რუსეთი ოკუპანტია". თავად მუსიკოსმა კი თქვა, რომ მუსიკა აკავშირებს ადამიანებს და ამ აუდიტორიაში მყოფები ერთმანეთის "დები და ძმები" არიან, რასაც მწვავე პროტესტი მოჰყვა და მსმენელთა ნაწილმა დარბაზი დატოვა.