მოსკოვის სიახლოვეს დრონებით თავდასხმა გამთენიისას მოხდა

მოსკოვის მახლობლად დრონებით თავდასხმა მოხდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმები აღკვეთილია.
უსაფრთხოების მოტივით, მუშაობა შეაჩერეს მოსკოვის შერემეტიევოს, დომოდედოვოს და ვნუკოვოს აეროპორტებმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პირველი ინფორმაციით, დაახლოებით 06:50 საათისთვის, საჰაერო თავდაცვის ძალებმა „უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს მოსკოვის ოლქის ტერიტორიის თავზე და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს“, რის შედეგადაც მან მართვა დაკარგა და დასახლებული პუნქტის, პოკროვსკოეს რაიონში ჩამოვარდა.
ასევე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 08:16 საათზე უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს და გაანადგურეს მოსკოვის ოლქის ისტრინსკის რაიონში. სხვა წყაროებით ეს ცნობები გადამოწმებული არ არის. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ორივე შემთხვევას უწოდებს „კიევის რეჟიმის მიერ ტერორისტული აქტის მცდელობას“.