ოკუპანტებმა სუმის ოლქს დრონებით შეუტიეს - დაღუპულია 2 პედაგოგი, სკოლის ნანგრევებში 2 ადამიანს ეძებენ
რუსულმა არმიამ სუმის ოლქის ქალაქ რომნის ერთ-ერთ სკოლას დრონებით შეუტია - არის სულ მცირე 2 დაიღუპული და 3 დაჭრილი. უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, ორივე დაღუპული პედაგოგი იყო. მაშველები შენობის ნანგრევებში მოყოლილი კიდევ 2 ადამიანის ძებნას განაგრძობენ.
„დღეს „Shahed“-ის ტიპის დრონმა სასწავლო დაწესებულებას დაარტყა. დაღუპულია 2 პედაგოგი, შენობა მთლიანად არის განადგურებული. ადგილზე ყველა სამსახური მუშაობს“, - ნათქვამია სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებაში.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დღეს დილით, ქალაქ ხერსონზე საავიაციო დარტყმის შედეგად განადგურებულია საბავშვო ბაღის შენობა. დაიჭრა 6 ადამიანი.