"ბახმუტის მისადგომებთან ჭურვი დაეცა" - ვინ არის უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი
უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა. გამოცდილი მეომარი მტრის შეტევას ბახმუტთან ემსხვერპლა. მებრძოლი იმ 10 კაციან დანაყოფში იყო, რომელიც ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილში სპეცოპერაციას აწარმოებდა. არსებული ცნობებით, საარტილერიო დაბომბვისას დაიჭრა რამდენიმე უკრაინელი სამხედროც.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა, მისი დაღუპვის შესახებ ცნობები თანამებრძოლებმა კიევში გუშინ გაიგეს. ის, უკრაინულ დანაყოფთან ერთად ერთ-ერთი სოფლის მისადგომებს იცავდა, რა დროსაც, ოკუპანტი ქვეყნის ჯარის მიერ ნასროლი ჭურვი დაეცა და 41 წლის ქართველ სამხედრო ადგილზე გარდაიცვალა.
"ქართული ლეგიონის" მეთაურის, მამუკა მამულაშვილის თქმით, დაღუპული მეომარი თავდაპირველად ქართულ ლეგიონში იბრძოდა გარკვეული დროის შემდეგ კი უკრაინის საერთაშორისო ლეგიონში გადავიდა და სწორედ იქ მოხდა ქართველი ჯარისკაცის დაღუპვა.
ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს ნიკას გარდაცვალებას, დაღუპვას. ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი იყო და საუკეთესო მებრძოლი, საკმაოდ დიდი ხანი იყო ქართულ ლეგიონში და გადავიდა უკრაინის საერთაშორისო ლეგიონში და სამწუხაროდ დაიღუპა სწორედ უკრაინის საერთაშორისო ლეგიონში, ბახმუტის მისადგომებთან. იმყოფებოდნენ ბახმუტის მიდამოებში, საარტილერიო დაბომბვისას ნამსხვრევებისგან არის ფაქტობრივად. ამოსვენებულია და მალე მოხდება ცხედრის გადმოსვენება საქართველოში. სავარაუდოდ უკრაინელები შეიძლება იყვნენ დაჭრილები", - ამბობს "ქართული ლეგიონის" მეთაური, მამუკა მამულაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ახვლედიანი 54-ე ქართველი ჯარისკაცია, რომელიც რუსულ აგრესიას უკრაინაში ემსხვერპლა. გარდაცვლილი მეომარი უკრაინაში ომის დაწყების დღიდან იბრძოდა.