ფულტონის ხელისუფლებამ ტრამპის ციხეში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

25.08.23 10:34
ფულტონის ხელისუფლებამ ტრამპის ციხეში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

ფულტონის ოლქის ხელისუფლებამ ფოტო ტრამპის მიერ ციხის დატოვებიდან მცირე ხნის შემდეგ გამოაქვეყნა.

ტრამპის წინა სამი პროცესის დროს ადგილობრივ ხელისუფლებებს ტრამპისთვის პატიმრის ფოტო არ გადაუღიათ ან არ გამოუქვეყნებიათ, რათა აერიდებინათ აჟიოტაჟი და ამას გარდა მიაჩნდათ, რომ ყოფილი პრეზიდენტისთვის ფორმალური, საიდენტიფიკაციო ფოტოს გადაღებას აზრი არ ჰქონდა.

CNN-ის ცნობით, ტრამპის საპატიმრო ნომერია P01135809.

ტრამპი ფულტონის ოლქის ციხეში ადგილობრივი დროით დაახლოებით 19:30-ზე გამოცხადდა, მისი ნებაყოფლობით ჩაბარების ბოლო ვადიდან რამდენიმე საათით ადრე. მისი მხარდამჭერების ნაწილი შეკრებილი იყვნენ ციხის გარეთ, სადაც სამართალდამცველებს რკინის ბარიკადები ჰქონდათ აღმართული.

მანამ, სანამ ტრამპის ციხის სისტემაში რეგისტრაცია, მისი ანაბეჭდების აღება და ფოტოს გადაღება მიმდინარეობდა, პენიტენციური დაწესებულების თავზე საჰაერო სივრცე დახურული იყო.

ციხის შენობაში ყოფნის დროს ტრამპმა გაიარა პროცესი, რომელსაც ჩაბარების დროს ნებისმიერი სხვა ადამიანი გაივლიდა: ჩააბარა თითის ანაბეჭდები და გადაუღეს ფოტო.