"მოუხსენით სანქციები დედაჩემს, თორემ ამას არ გაპატიებთ, ყველაფერზე წავალ" – კადიროვი აშშ-ს ემუქრება

"მოუხსენით სანქციები დედაჩემს, თორემ ამას არ გაპატიებთ, ყველაფერზე წავალ" - ასე მიმართავს ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი აშშ-ს.
„მე უკვე აღარ მიკვირდა შეერთებული შტატებისა და დასავლეთის გადაწყვეტილებები ალოგიკურ სანქციებზე და უცებ ისევ – ახლა ჩემი ძვირფასი დედაა სიაში. ის, რომ ის მარტო საქველმოქმედო საქმიანობითაა დაკავებული, მთელმა მსოფლიომ იცის. პირველი და მეორე ჩეჩნური კამპანია, საქართველო, უკრაინა – ეს ყველაფერი აშშ-ს პროექტებია პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომ არაფერი ვთქვათ სხვა კონფლიქტებზე მთელ მსოფლიოში", - ამბობს კადიროვი.
ვიდეომიმართვაში კადიროვი აშშ-ს ემუქრება, და ამტკიცებს, რომ „არ აპატიებს“, თუ დედამისს არ მოუხსნიან სანქციებს.
„ევროპის, რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკელი დიპლომატები ვერ იმოგზაურებენ. ჩვენც დავაწესებთ სანქციებს და მათ დავაკავებთ. ასე, რომ არ ვხუმრობ, ყელში ამოხვედით. აღარ გავიმეორებ. მიდით, მოუხსენით სანქციები დედაჩემს, სწრაფად, თორემ ამას არ გაპატიებთ, ყველაფერზე წავალ“ – ამბობს კადიროვი.
ცნობისთვის, აშშ-მ რამზან კადიროვის დედის, აიმან კადიროვას წინააღმდეგ სანქციები 24 აგვისტოს დააწესა. გარდა ამისა, სანქციები შეეხო ასევე ჩეჩნეთის სამი თანამდებობის პირსაც.