მოსკოვმა მურატოვი "აგენტად" გამოაცხადა

02.09.23 10:18
მოსკოვმა მურატოვი "აგენტად" გამოაცხადა

მოსკოვმა რუსული დამოუკიდებელი გამოცემის, „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი, ნობელიანტი დმიტრი მურატოვი "აგენტად" გამოაცხადა. პუტინის რუსეთში ამტკიცებენ, რომ მურატოვი  „უცხოური აგენტების მიერ მასალების შექმნასა და გავრცელებაში“ მონაწილეობდა, ასევე მან „გამოიყენა უცხოური პლატფორმები იმ მოსაზრებების გასავრცელებლად, რომლებიც მიზნად ისახავდა რუსეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას“.

მურატოვის გარდა, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აგენტების სიაში ჩაწერა ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტი დენის კატაევი, კომიკოსი რუსლან ბელი, მწერალი ოლეგ რაძინსკი, პოლიტიკოსი მაიბეკ ვაჩაგაევი, ეკონომისტი კონსტანტინ სონინი, ნავალნის შტაბის ყოფილი უფროსი ევგენი კარპოვი, „ეხო მოსკვის“ ჟურნალისტი ოქსანა ბარშევა და სანქტ-პეტერბურგის საკანონმდებლო კრების ყოფილი მოადგილე მაქსიმ რეზნიკი.

დიმიტრი მურატოვს პრემია რუსეთში სიტყვის თავისუფლების დაცვისთვის მიანიჭეს. ცნობილია, რომ ნობელის პრემიის ლაურეატმა დიმიტრი მურატოვმა აღებული მედალი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად გაყიდა.