"დიდი ოცეულის" სამიტის დეკლარაცია რუსეთისთვის გამარჯვება არ არის - მაკრონი

10.09.23 18:21
"დიდი ოცეულის" სამიტის დეკლარაცია რუსეთისთვის გამარჯვება არ არის - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, "დიდი ოცეულის" სამიტის დეკლარაცია რუსეთისთვის დიპლომატიური გამარჯვება არ არის.

დიდი ოცეულის" ეს სამიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის იზოლაციას. "დიდი ოცეულის" წევრების აბსოლუტური უმრავლესობა გმობს უკრაინის ომს და მის გავლენას“, - განაცხადა მაკრონმა სამიტის დახურვის ცერემონიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მოსკოვი „დიდი ოცეულის“ მიერ მიღებული დეკლარაციით კმაყოფილია. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, ნიუ დელის სამიტი წარმატებით დასრულდა და დასავლეთის ქვეყნებმა მისი დღის წესრიგის „უკრაინიზაცია“ ვერ მოახერხეს.

„სიმართლე გითხრათ, ამას არ ველოდით. მზად ვიყავით ტექსტის ჩვენი ვერსიის დასაცავად“, - განაცხადა ლავროვმა.

„დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილეებმა ერთობლივი დეკლარაციის ტექსტი გუშინ შეათანხმეს. დეკლარაციის საბოლოო ვარიანტში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია დაგმობილი არ არის. დოკუმენტი მოიცავს მოწოდებებს კონფლიქტის მონაწილე მხარეების მიმართ, გაეროს პრინციპები დაიცვან.

კიევი „დიდი ოცეულის“ მიერ მიღებული დეკლარაციის ტექსტით იმედგაცრუებულია.