6000 დაღუპული და ათი ათასობით დაკარგული - ლიბიაში წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა

13.09.23 14:10
6000 დაღუპული და ათი ათასობით დაკარგული - ლიბიაში წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა

ლიბიაში ძლიერი შტორმისა და კაშხლების ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 6000-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, იზრდება უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობაც.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ლიბის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე საპორტო ქალაქ დერნაში, სადაც სტიქიის შედეგად ორი კაშხალი დაინგრა, მოვარდნილმა წყალმა კი საპორტო ქალაქი გაანადგურა.

სამოქალაქო ავიაციის მინისტრის, ჰიჩემ აბუ ჩკიუტის შეფასებით, სავარაუდოა, რომ გარდაცვლილთა რიცხვი გაორმაგდება. მისი თქმით, 10 000-ზე მეტი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. ზღვა „მუდმივად ყრის ათეულობით სხეულს“, თქვა ჩკიუატმა, სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა აღმოსავლეთ ლიბიის ადმინისტრაციაში. მან საერთაშორისო დახმარებას მიმართა და განაცხადა, რომ ლიბიას არ აქვს გამოცდილება, რომ გაუმკლავდეს ამ მასშტაბის კატასტროფას.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ლიბიაში აცხადებს, რომ ქალაქ დერნადან 30 000 ადამიანი იძულებით გადაადგილებულია.

BBC-ს ცნობით, სხვადასხვა ქვეყნები მზად არიან ლიბიას ჰუმანიტარული დახმარება გაუწიონ, თუმცა, ქვეყანაში ორი ხელისუფლების არსებობა მოლაპარაკებებს უფრო და უფრო ართულებს და აფერხებს.

მსგავსი სიახლეები