გერმანია ბელორუს ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს და 3 მლნ ევროს უგზავნის

04.06.21 14:00
გერმანია ბელორუს ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს და  3 მლნ ევროს უგზავნის

გერმანიის მთავრობა გამოჰყოფს 3 მილიონ ევროს ბელორუსი ჟურნალისტებისთვის, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Redaktionsnetzwerk Deutschland ავრცელებს.

ეს თანხა აქციების დროს დაკავებულ ბელორუს ჟურნალისტთა იურიდიულ დახმარებასა და დაზიანებული ტექნიკის განახლებას უნდა მოხმარდეს. ანალოგიური დახმარება სხვა ქვეყნების დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებსაც გაეწევა - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მიგელ ბერგერმა. 

გამოცემა Redaktionsnetzwerk Deutschland  აღნიშნავს, რომ ბელორუსიის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო მედიის წინააღმდეგ სასტიკ მეთოდებს იყენებს, ჟურნალისტებს აპატიმრებენ, ჩხრეკენ მათ ბინებს, ოფისებს. გამოცემის ინფორმაციით, ბელორუსიის ხელისუფლებამ დამოუკიდებელი პორტალ Tut.by-ს შენობაში ჩხრეკა ჩაატარა და 15 თანამშრომელი დააკავა, მათ შორის, მთავარი რედაქტორი და ჟურნალისტი.

,,ბოლო პერიოდში კი თავისუფალი სამყაროს აღშფოთება ბელორუსი ჟურნალისტისა და ოპოზიციონერი ბლოგერის, რომან პროტასევიჩის, დაკავებამ გამოიწვია" - წერს გამოცემა.