ნიდერლანდებში მოკლული ქართველის ვინაობა ცნობილია - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

ნიდერლანდების პოლიცია საქართველოს 28 წლის მოქალაქეს მთელი ქვეყნის ეძებს - თორნიკე მანველიძეს 32 წლის შოთა საკანდელიას განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.
"პირველების" ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ნიდერლანდებში, ქალაქ უტრეხტში რამდენიმე დღის წინ ჩავიდნენ.
ერთ-ერთი ვერსიით, მანველიძე და საკანდელია პოკერის საერთაშორისო ტურნირს ესწრებოდნენ.
რაც შეეხება მკვლელობას, ირკვევა, რომ საკანდელიას ცხედარი უტრეხტის ერთ-ერთ სასტუმროში "ჰელინგში" იპოვეს. ახალგაზრდები ფოიეში იმყოფებოდნენ და სავარაუდოდ ყოფით ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკება სისხლიანი ანგარიშსწორებით დასრულდა. 28 წლის ბიჭს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.
ადგილობრივი პოლიცია თორნიკე მანველიძის ფოტოებსაც აქვეყნებს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
პოლიცია საქართველოს 28 წლის მოქალაქეს ეძებს, რომელიც ღამით სასტუმროში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდა და ერთ-ერთ სტუმარს დანა რამდენჯერმე დაარტყა. თუ შენიშნავთ ფოტოზე გამოსახულ მამაკაცს, არ მიუახლოვდეთ, დარეკეთ 112 ან გააგზავნეთ ანონიმური შეტყობინება", - ამბობს ადგილობრივი პოლიცია.
პოლიციის თანამშრომლებმა უკვე დაასრულეს საგამოძიებო მოქმედებები სასტუმროში, გამოკითხულია ყველა მოწმე, თუმცა ახლა აქტიური მოქმედებები მიმდინარეობს, რომ 28 წლის საქართველოს მოქალაქე აიყვანონ. მკვლელობაში ბრალდებული ცნობილი ქართველი მწერლის შვილია.
"პირველების" ინფორმაციით, სახელმწიფოს მხრიდან უკვე დაწყებულია მოქმედებები საიმისოდ, რომ გადმოსვენების პროცედურა დაუყოვნებლივ შესრულდეს. გარდაცვლილი მარტვილის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.