პირები, რომლებიც ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებენ, სანქციების რისკის ქვეშ არიან - ო'ბრაიენი

22.09.23 12:33
პირები, რომლებიც ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებენ, სანქციების რისკის ქვეშ არიან - ო'ბრაიენი

ვწუხვართ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო - ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ელჩი ო'ბრაიენი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო სანქციებისადმი მიდგომის შეცვლის ფაქტს.

ო'ბრაიენი "აქცენტისთვის" მიწოდებულ წერილობით კომენტარში აცხადებს, რომ "დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი ნებისმიერ ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკის ქვაკუთხედია". 

სახდეპის წარმომადგენელი პირდაპირ აცხადებს, რომ ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან, საკუთარ თავს სანქციების რისკის ქვეშ აყენებენ.

"14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ქართველ-რუს ოლიგარქ ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც მუშაობდა „ეფესბესთან" [რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური], რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. [სანქციები დაუწესდა] აღმასრულებელი ბრძანება 14024-ის საფუძველზე, რომელიც სანქცირების ავტორიზაციას გასცემს რუსეთის ფედერაციის მთავრობის კონკრეტულ საზიანო უცხოურ საქმიანობასთან დაკავშირებით.

ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან ან ჩვენს მიერ, რუსეთთან დაკავშირებული სანქციების ფარგლებში დასანქცირებულ სხვა პირებთან, საკუთარ თავს სანქციების რისკის ქვეშ აყენებენ.

საქართველოს საბანკო სისტემა საქართველოს დემოკრატიული ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო მიღწევად იქცა. დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი ნებისმიერ ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკის ქვაკუთხედია", – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა.

19 სექტემბერს კი სებ-მა გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, რის მიხედვითაც, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგა.