რუსეთი ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ფლოტის განთავსებას აპირებს - ბჟანია "ოცნებას" ისევ აქებს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ახალი სამხედრო ბაზები გაიხსნება. ამ შედეგით დასრულდა ვლადიმერ პუტინისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას შეხვედრა სოჭში.
ირკვევა, რომ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს.
პუტინთან შეხვედრის შემდეგ, გაკეთებული კომენტარებით აფხაზეთის მარიონეტმა პრეზიდენტმა, "ქართული ოცნების" ხელისუფლება შეაქო და მათ პრაგმატულები უწოდა.
„როგორც მეჩვენება, საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა, ვგულისხმობ პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს, და არა საქართველოს პრეზიდენტსს, პრაგმატული ხალხია და ამ თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, რაიმე დიდი პრობლემები არ ყოფილა. მაგრამ ხანდახან ხდება, რომ არა იმდენად ქართული, რამდენადაც ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავები არღვევენ საჰაერო სივრცეს, ჩვენ ამას ვაფიქსირებთ. მაგრამ ცხადია, რომ ეს დაზვერვა ხორციელდება შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების და გარკვეულწილად საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეც“, - ამბობს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი.