მსოფლიოში არსად არ შეიძლება ტერორს მიეცეს შანსი - ზელენსკი ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაზე

მსოფლიოში არსად არ შეიძლება ტერორს მიეცეს შანსი - ასე ეხმაურება ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი.
ზელენსკიმ სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და დაგმო ტერორი.
„მსოფლიოში არსად არ შეიძლება ტერორს მიეცეს შანსი, რადგან ტერორი ყოველთვის არის დანაშაული არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ან მისი კონკრეტული მსხვერპლის მიმართ, არამედ კაცობრიობის, როგორც ასეთის და მთელი ჩვენი სამყაროს წინააღმდეგ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყენებს ტერორს, ეს არის დანაშაული ქვეყნების წინააღმდეგ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ დააფინანსა ტერორი, ეს არის დანაშაული მსოფლიოს წინააღმდეგ.
ისრაელის თავდაცვის უფლება ეჭვგარეშეა. ამ ტერორისტული თავდასხმის ყველა გარემოება უნდა დაზუსტდეს, რათა მსოფლიომ იცოდეს და მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს ყველა, ვინც თავდასხმის წამქეზებელია და ორგანიზებაში ხელი შეუწყო... ყველა სიცოცხლეს აქვს მნიშვნელობა! ჩვენ ვგმობთ ტერორის ყოველ გამოვლინებას. "- განაცხადა ზელენსკიმ.