რკინის გუმბათმა ვერ გაუძლო, ახლაც, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ძლიერი აფეთქების ხმა ისმის - ბოლო ცნობები ისრაელიდან

09.10.23 18:36
რკინის გუმბათმა ვერ გაუძლო, ახლაც, როცა ჩვენ ვსაუბრობთ,  ძლიერი აფეთქების ხმა ისმის - ბოლო ცნობები ისრაელიდან

ისრაელში მძიმე მდგომარეობაა, ქვეყანაში აფეთქებების ხმა ამ წუთებშიც ისმის - მოვლენათა ეპიცენტრიდან "პირველებს" ქართველ-ებრაელთა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი უყვება, რომ პირდაპირ ეთერში ჩართვამდე გამაფრთხილებელი სიგნალები ჩაირთო. 

არკადი ელიგულაშვილი ამბობს, რომ ისრაელის თავზე რკინის გუმბათმა ჰამასის შეტევებს ბოლომდე ვერ გაუძლო, რადგან თავდასხმები ინტენსიური იყო. 

ძალიან მასიურმა დაბომბვამ ასეთ ნაკადს ვერ გაუძლო, რის გამოც ბევრი დაზარალებულია. ახლაც, ჩვენ როცა ვსაუბრობთ, აფეთქების ხმა ისმის - განაცხადა არკადი ელიგულაშვილმა.

ქართველ-ებრაელთა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ისრაელში იდეოლოგიურმა ომმა ჯარი დაასუსტა, რამაც ღაზას სექტორში ჰამასის წევრების მარტივად შემოსვლა განაპირობა.

ისრაელში იდეოლოგიური ომი იყო, სადაც ჯარიც მონაწილეობდა. ასეთ პოლიტიკურ თამაშში ჯარის ჩარევა უჩვეულო იყო. ის პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან, ისინი ნეთანიაჰუს ეუბნებიან, რომ ჩვენ შეგვიძლია კოალიციაში შემოვიდეთ, ოღონდ პირობები უნდა იყოს გათვალისწინებული. შესაძლოა, ასეთი ხალხის ბრალია, რომ ისრაელის ჯარი ასე დასუსტდა, რადგან ეს უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, რომ ღაზას სექტორიდან შეეძლოთ, შემოსულიყვნენ და ასეთი ტერაქტი ჩაეტარებინათ - აღნიშნა ელიგულაშვილმა.

მისი თქმით, ომის დასრულების შემდეგ, ხელისუფლებას მოუწევს იმის გარკვევა, როგორ მოხდა ტერორისტების საზღვარზე შემოშვება - არკადი ელიგულაშვილი ღალატსაც არ გამორიცხავს.