ზელენსკი დარწმუნებულია, რომ "ჰამასის" უკან რუსეთი დგას

ვინ დგას "ჰამასის" უკან? - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ამ პროცესების უკან რუსეთი დგას.
ზელენსკი ფრანგული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთს მსგავსი რამ ბევრჯერ გაუკეთებია.
ვინ დგას ჰამასის უკან? ვფიქრობ, პასუხი საკმაოდ მარტივია: ვინც მათ მხარს უჭერს. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ - მხარს უჭერს საჯაროდ, მხარს უჭერს იარაღით. ეს არ არის ერთდღიანი მხარდაჭერა, ეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხდება. ჩვენ გვაქვს ყველა ის მინიშნება, რაც გვაფიქრებინებს, რომ რუსეთი ეხმარება გარკვეული ტერორისტული ოპერაციების განხორციელებაში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, მან ეს გააკეთა სირიაში, მან ეს გააკეთა უკრაინაში. ის ცდილობს არასტაბილურობის დათესვას მთელ მსოფლიოში“.- განაცხადა ზელენსკიმ.
ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე თავდასხმების სერია 7 ოქტომბერს დაიწყო. მათ ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, ჰამასის წევრები სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ და ათობით ადამიანი მოკლეს.
ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.