200 მილიონი ღირებულების საბრძოლო მასალა - უკრაინა აშშ-გან დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს

11.10.23 17:33
200 მილიონი ღირებულების საბრძოლო მასალა - უკრაინა აშშ-გან დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს

უკრაინა შეერთებული შტატებისგან დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს. ორასი მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის და სარაკეტო სისტემები ომში მყოფ ქვეყანაში უახლოეს პერიოდში ჩავა. გადაწყვეტილება ბრიუსელში  ნატოს მინისტერიალზე მიიღეს. თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ნატოს შტაბ-ბინაში  ამ წუთებშიც გრძელდება.

უახლესი დახმარების პაკეტის შესახებ ინფორმაცია ლოიდ ოსტინმა გააჟღერა - ამერიკის თავდაცვის მდივანმა პირადად აცნო პრეზიდენტ ზელენსკის, რომ დახმარების ახალ პაკეტს გამოყოფს უკრაინისთვის.

სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ აშშ უკრაინას 200 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს.
დახმარების ახალ პაკეტში შედის საბრძოლო მასალები საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო და სარაკეტო სისტემებისთვის, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება და რუსული დრონების საწინააღმდეგო სამხედრო აღჭურვილობა". - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

მინისტერიალზე, პირველად ომის დაწყების შემდეგ,  უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ჩავიდა.

არსებობს პრიორიტეტები, საჰაერო თავდაცვითი სისტემები, სხვადასხვა საკითხი. ჩვენ გვჭირდება ისინი ძალიან კონკრეტულ გეოგრაფიულ წერტილებში ჩვენს მიწაზე, რათა შევინარჩუნოთ ენერგოქსელები, ხალხი, მარცვლეულის ტრანზიტი, მარშრუტი აფრიკისთვის, აზიისა და მსოფლიოსთვის. მნიშვნელოვანია შორი რადიუსის რაკეტები და შეიარაღება, სულ ერთია, როგორ ეძახით მას, პრობლემა იმაშია, როგორ იშოვით მას, რადგან საჭიროა ისინი ჩვენი მიწიდან რუსეთის გასაგდებად". - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები