კონფლიქტის მე-5 დღე - ვინ დგას ისრაელზე თავდასხმის უკან
ვინ დგას ისრაელზე თავდასხმის უკან. ის რაც ეჭვების დონეზე იყო, დღეს ვლადიმერ პუტინმა პრაქტიკულად დაადასტურა. რუსეთი ისრაელს პალესტინის ტერიტორიების მიტაცებაში ადანაშაულებს. ამ განცხადებას კი წინ უძღოდა ვოლოდიმირ ზელენსკის ბრალდება. უკრაინის პრეზიდენტი მზად არის თელავივს კონკრეტული მტკიცებულებები გადასცეს, რომელიც დაადასტურებს რუსეთის მონაწილეობას ახლო აღმოსავლეთში გაჩაღებულ კონფლიქტში.
ისრაელი კი სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად ემზადება. 300 ათასი რეზერვისტი, მძიმე ტექნიკა და არტილერია - ღაზას სექტორთან არის მობილიზებული. უკვე განადგურებულია 2300-ზე მეტი ობიექტი. ტერორისტების იარაღის საწყობები და სტრატეგიული ბაზები მიწასთან არის გასწორებული. დღეს ერთადერთი მოქმედი ელექტროსადგურიც გაითიშა და ღაზას სექტორი მთლიანად ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
უტევს ჰამასიც. აშქელონისა და აშდოთის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვეს და რამდენიმე საცხოვრებელ უბნებში ჩამოვარდა.
სულ რამდენიმე წუთის წინ ისრაელის ჩრდილოეთით ყველა ქალაქში განგაშის სიგნალების ხმა გაისმა. სპეციალურ რუკაზე ჩანს, რომ ყველა წერტილი წითლად არის მონიშნული.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ კიბუცში მყოფმა ტერორისტებმა, რომლებიც IDF ფორმაში იყვნენ გამოწყობილები, ისრაელის ჯარს ცეცხლი გაუხსნეს. საპასუხოდ, ჯავშანტექნიკის ძალები ტერორისტებს სატანკო ჭურვები ესროდნენ.
კონფლიქტის მე-5 დღე - რა ვითარებაა ისრაელში - ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში