პუტინის მიმართ დიდი ნდობა გვაქვს - ჰამასი

ტერორისტული დაჯგუფება რუსეთს და პუტინს ნდობას უცხადებს - ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო მედია ავრცელებს. უცხო ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში ჰამასის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი, ალი ბარაკა ამბობს, რომ ისინი მიესალმებიან რუსეთის შუამავლობას კონფლიქტის მოსაგვარების საკითხშიც.
"ჰამასის მოძრაობას რუსეთისა და მისი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ დიდი ნდობა აქვს, ამიტომ, ჩვენ მივესალმებით რუსეთის შუამავლობას კონფლიქტის მოსაგვარებლად. დაინტერესებული ვართ, რაც შეიძლება მალე შეწყდეს ისრაელის დაბომბვების გამო მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვა და ღაზის სექტორის სასტიკი ბლოკადა". - თქვა ბარაკამ რუსულ სამთავრობო მედია ТАСС-თან.
ცნობისთვის, პუტინმა დსთ-ს საბჭოს სხდომაზე თქვა, რომ ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ბლოკირება "მიუღებელია". ამავდროულად, ვლადიმირ პუტინმა მხარეებს კონფლიქტის მედიაციის გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდა.