აღშფოთებული ვარ ღაზაში, საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების გამო - ბაიდენი

18.10.23 10:08
აღშფოთებული ვარ ღაზაში, საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების გამო - ბაიდენი

აღშფოთებული და ღრმად დამწუხრებული ვარ ღაზაში, ალ აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარი აფეთქებისა და შედეგად, საშინელი მსხვერპლით, - ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ღაზაში, საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას.

„შეერთებული შტატები ცალსახად მხარს უჭერს მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვას კონფლიქტის დროს და ჩვენ ვგლოვობთ პაციენტებს, სამედიცინო პერსონალს და ამ ტრაგედიაში დაღუპულ ან დაშავებულ სხვა უდანაშაულო ადამიანებს“, - აცხადებს ბაიდენი.

ბაიდენის თქმით, მომხდართან დაკავშირებით იორდანიის მეფე აბდულა II-სა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა და ეროვნული უსაფრთხოების გუნდს ინფორმაციის შეგროვება დაავალა იმის შესახებ, თუ ზუსტად რა მოხდა.

ღაზას სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელი აცხადებს, რომ ღაზას საავადმყოფოში აფეთქება დაჯგუფება “ისლამური ჯიჰადის” რაკეტამ გამოიწვია. „ისლამური ჯიჰადი“ აფეთქებასთან კავშირს უარყოფს და ისრაელის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს. „ჰამასი“ მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს.