ღაზის საავადმყოფოში აფეთქების შემდეგ, პალესტინის პრეზიდენტმა ბაიდენთან შეხვედრა გააუქმა

ღაზის სექტორის ცენტრში მდებარე საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების შემდეგ, პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრა გააუქმა.
ისრაელის მედია ინფორმაციას პალესტინელ მაღლჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ აბასი არც ახლო აღმოსავლეთის სხვა ლიდერებს, მათ შორის იორდანიის მეფე აბდულა II-ს და ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ელ-სისის შეხვდება.
შეგახსენებთ, ღაზას სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელი აცხადებს, რომ ღაზას საავადმყოფოში აფეთქება დაჯგუფება “ისლამური ჯიჰადის” რაკეტამ გამოიწვია. „ისლამური ჯიჰადი“ აფეთქებასთან კავშირს უარყოფს და ისრაელის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს. „ჰამასი“ მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს.