სახმელეთო ოპერაცია მალე დაიწყება, ჯარისკაცები მზად არიან - ისრაელის თავდაცვის მინისტრი

26.10.23 22:38
სახმელეთო ოპერაცია მალე დაიწყება, ჯარისკაცები მზად არიან - ისრაელის თავდაცვის მინისტრი

"სახმელეთო ოპერაცია მალე დაიწყება, ჯარისკაცები მზად არიან", - ეს განცხადება ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გააკეთა. გალანტმა პირობა დადო, რომ ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში გაიმარჯვებს და ყველაფერს გააკეთებს მძევლების დასაბრუნებლად.

7 ოქტომბერს „ჰამასმა“ დაიწყო ომი, ომი ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ, პატარა ბავშვების, ქალების, ჰოლოკოსტის შემდეგ გადარჩენილთა წინააღმდეგ. ეს არის მკვლელობის, გაუპატიურების, გატაცების, ძარცვის ომი. ეს არის ომი, რომელიც გამიზნულია ჩვენი შეკავებისა და ისრაელის მოქალაქეების ნების გასანადგურებლად, იცხოვრონ აქ. ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში. მე ვიცი ეს, რადგან ვნახე 7 ოქტომბერს და 8 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც იბრძოდნენ. მშვიდობიანი მოქალაქეები იცავდნენ თავიანთ შვილებს ნებისმიერ ფასად და 24 საათის შემდეგ ჩვენ შეტევაზე გადავედით. ისრაელის ომი „ჰამასის“ წინააღმდეგ ღაზაში ხორციელდება ჰაერიდან, ხმელეთიდან და ზღვით… ბუნკერებსა და გვირაბებზე დარტყმით“, – განაცხადა გალანტმა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაგეგმილი სახმელეთო შეტევა მალე დაიწყება. როგორც გალანტი ამბობს, ისრაელი ომის გაფართოებით არ არის დაინტერესებული, თუმცა, გაუმკლავდება.

მე გადაწყვეტილი მაქვს, დავრწმუნდე, რომ ისრაელის სახელმწიფო გაიმარჯვებს ამ მკაცრ და ბოროტ მტერზე, ბოროტების ამ განსახიერებაზე. ამ თავდასხმისას კიდევ ერთი რამ მოხდა, რაც აქამდე არასდროს გვინახავს. ჩვენ გვყავს 200-ზე მეტი მძევალი და უგზო-უკვლოდ დაკარგული, ბრძოლაში კი დაახლოებით 1400 ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დავკარგეთ. როგორც ჰოლოკოსტს გადარჩენილი ადამიანების მამას, ბაბუას და შვილს, მესმის და ძალიან ვწუხვარ ბრძოლაში დაღუპულთა გამო. გადაწყვეტილი მაქვს, ყველა ღონე ვიხმარო, რომ მძევლები ოჯახებს დავუბრუნო, ეს არის ჩემი უზენაესი ვალდებულება, ომში აბსოლუტურ გამარჯვებასთან ერთად. ისრაელის არსებობის 75 წლის განმავლობაში მსგავსი არაფერი მომხდარა. რა მოხდება მომდევნო 75 წლის განმავლობაში, დიდწილად დამოკიდებულია ამ ბრძოლაში მიღწევებზე“, – აღნიშნა გალანტმა.