აშშ-ის მორიგი სანქციები რუსეთს - სანქცირებულთა შორის მარია ზახაროვაცაა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა. შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა კორპორაცია „აფკ-სისტემასა“ და მოსკოვის ბაუმანის სახელობის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტს. გარდა ამისა, შეზღუდვებს დაექვემდებარა „პოჩტა ბანკი“, სრულიად რუსეთის რეგიონების განვითარების ბანკი და ბანკი „რუსკი სტანდარტი“, ნათქვამია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებსაიტზე.
საერთო ჯამში სიაში 30-ზე მეტი ფიზიკური და 200 იურიდიული პირი მოხვდა.
ფიზიკურ პირებს შორის არიან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა და კონცერნ „კალაშნიკოვის“ შვილობილი კომპანიის, Zala Aero-ს მთავარი კონსტრუქტორი ალექსანდრ ზახაროვი და მისი ოჯახის წევრები. ზახაროვი მონაწილეობდა უპილოტო საფრენი აპარატი „ლანცეტის“ შექმნაში.
აშშ-ის სანქციები ასევე შეეხო ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ძმისშვილს, იაკუბ ზაკრიევს. ის გახდა შპს „დანონ როსიას“ გენერალური დირექტორი ფრანგული კომპანია Danone-ის რუსული აქტივების ნაციონალიზაციის შემდეგ.
გარდა ამისა, შეერთებული შტატების ვაჭრობის სამინისტრომ 12 რუსული და ერთი უზბეკური კომპანიის მიმართ საექსპორტო შეზღუდვები დააწესა რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და დრონების წარმოების ხელშეწყობისთვის.
კომპანიები არ არის დასახელებული. ყველა მათგანი შეტანილია აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს შავ სიაში. უწყების ცნობით, კომპანიებმა დახმარება გაუწიეს რუსეთის თავდაცვის კომპლექსის საწარმოებს, კერძოდ, შეიძინეს ან განავითარეს დრონები.