"როიტერსი": პუტინი პრეზიდენტად 2024 წელსაც იყრის კენჭს

06.11.23 17:38
"როიტერსი": პუტინი პრეზიდენტად 2024 წელსაც იყრის კენჭს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც იყრის კენჭს. ინფორმაციას „როიტერსი“ თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "დასავლეთში მიიჩნევენ, რომ იგი ხელისუფლებაში დარჩენას სიცოცხლის ბოლომდე გეგმავს".

გადაწყვეტილება მიღებულია – კენჭს იყრის“, – უთქვამს „როიტერსისთვის“ ერთ-ერთ წყაროს.

კრემლში ამ საკითხის კომენტირება არ სურთ, თუმცა სექტემბერში პუტინის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ თუ პუტინი კენჭს იყრის, წინააღმდეგობას მას ვერავინ გაუწევს.

საპრეზიდენტო არჩევნებს რუსეთში 2024 წლის 17 მარტს ჩაატარებენ. 71 წლის პუტინის სავარაუდო კონკურენტები ე.წ „სისტემური ოპოზიციიდან“ იქნებიან – ფორმალურად ოპოზიციური პარტიებისგან, რომლებიც კრემლის დაშვებულ საზღვრებში მოქმედებენ. 

„მედუზა“ აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სურთ, პუტინის კონკურენტები 50 წელზე უმცროსნი არ უნდა იყვნენ, ხოლო 80%-ზე მაღალი მხარდაჭერის გარდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არჩევნებზე ხალხის რეკორდულად მაღალი დასწრების უზრუნველყოფაც აქვს განზრახული ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით.

გამარჯვების შემთხვევაში, პუტინი 2030 წლამდე დარჩება პრეზიდენტად, ხოლო 2020-ში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად განულებული საპრეზიდენტო ვადების გამო, მას 2030 წელსაც შეეძლება კენჭის ყრა.