რუსეთს როგორც კი მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან - არახამია

25.11.23 16:10
რუსეთს როგორც კი მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან - არახამია

"რუსეთი დაუყოვნებლივ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, როგორც კი უკრაინა ამისკენ მოუწოდებს" - ამის შესახებ განცხადება ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერმა, დავით არახამიამ უკრაინულ მედიასთან გააკეთა.

არახამიას თქმით, რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა, რომ უკრაინულ მხარეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით.

ბოლო დრომდე ჰქონდათ იმედი, რომ გვაიძულებდნენ ხელშეკრულების ხელმოწერას ნეიტრალიტეტის გამოცხადების შესახებ. ეს მათთვის ყველაზე დიდი ამოცანა იყო. მზად იყვნენ დაესრულებინათ ომი, თუ ჩვენ, როგორც ეს ერთხელ ფინეთმა გააკეთა, მივიღებდით ნეიტრალიტეტს და ვიკისრებდით ვალდებულებას, რომ არ გავწევრიანდებით NATO-ში.

რუსეთი დაუყოვნებლივ დაჯდებოდა მოლაპარაკებების მაგიდასთან, როგორც კი ამისკენ მოვუწოდებთ. მეორე დღესვე ისხდებიან, დაელოდებიან და იტყვიან, რომ უკრაინა არ მოდის. ისინი ოცნებობენ, რომ მოლაპარაკებისკენ მოვუწოდოთ, რადგან ეს მათთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე ჩვენთვის", - ამბობს არახამია.