პრორუსი, უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატი, მოსკოვის რეგიონში გარდაცვლილი იპოვეს
მოსკოვის რეგიონში [პადმასკოვიე] უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატი, პრორუსი ილია კივა გარდაცვლილი იპოვეს. ამ ინფორმაციას გამოცემა "მედუზას" სამთავრობო პროპაგანდისტულ РИА Новости-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
აქვე, მედია წერს, რომ ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა. რუსული მედია ვარაუდობს, რომ პრორუსი უკრაინელი პოლიტიკოსის მკვლელობა, სავარაუდოდ, უკრაინულ სპეცსამსახურებს უკავშირდება.
"კივა მოკლეს" - დაწერა სოციალურ ქსელში პუტინის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა.
გამოცემა “ინტერფაქს-უკრაინა” სამართალდამცავ ორგანოებში წყაროებზე დაყრდნობით კი წერს, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოსკოვის ოლქში მაღალი რანგის კოლაბორანტის ლიკვიდაცია მოახდინა.
“მაღალი რანგის მოღალატის, კოლაბორანტისა და პროპაგანდისტის, ილია კივას ლიკვიდაცია - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციაა. დამნაშავის ლიკვიდაცია ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა”, - განაცხადა “ინტერფაქს-უკრაინას” წყარომ.