უკრაინას მხარს თუ არ დავუჭერთ, რას იზამს დანარჩენი მსოფლიო? - ბაიდენი სენატს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

უკრაინას მხარს თუ არ დავუჭერთ, რას იზამს დანარჩენი მსოფლიო? - აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სენატს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტის მხარდაჭერას მოუწოდებს. ამის შესახებ მან Twitter-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
ბაიდენის თქმით, უთანხმოებები წარსულში უნდა დატოვონ და ერთად უნდა დადგნენ პუტინის ტირანიის წინააღმდეგ.
"მე ვიცი, რომ შიგნით უთანხმოებები გვაქვს. მოდით, ისინი წარსულში დავტოვოთ. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს, რას იზამს შეერთებული შტატები. ვფიქრობ, უკრაინას მხარს თუ არ დავუჭერთ, რას იზამს დანარჩენი მსოფლიო? რას იზამს იაპონია, რომელიც ახლა უკრაინას უჭერს მხარს? რა დაემართება "დიდი შვიდეულის" პირობებს? რა დაემართება NATO-ს პირობებს, რას გააკეთებენ ისინი?
ჩვენ თუ გვერდით გავალთ, სხვა შესაძლო აგრესორებს ეს მხოლოდ წააქეზებს. სწორედ ამიტომ, სენატს მოვუწოდებ, რამე ქნას, სწორი რამ - მხარი დაუჭიროს უკრაინულ ერს და დადგეს პუტინის ტირანიის წინააღმდეგ. მხარი დაუჭიროს თავისუფლებას", - განაცხადა ბაიდენმა.