რადა EU-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, უკრაინის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირონ

უკრაინის უმაღლესმა რადამ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რომ უკრაინის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირონ.
ამის შესახებ ინფორმაციას Ukrinform-ი ავრცელებს.
მიმართვას მხარი 292-მა დეპუტატმა დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.
მიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ რადა დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა გააგრძელონ, რათა მისი ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში აღდგეს.
ამას გარდა, უმაღლესმა რადამ ევროპარლამენტს სთხოვა, რომ უკრაინის მაკროფინანსური სტაბილურობისთვის ევროკომისიის მიერ შეთავაზებულ უკრაინის დახმარების მექანიზმის მიღებას მხარი დაუჭიროს. ევროკავშირის ინსტიტუტებს კი მოუწოდა, რომ რუსეთზე ზეწოლის გასაგრძელებლად შესაბამისი შემაკავებელი ზომების მომდევნო პაკეტები მიიღონ.