უკრაინა უდიდეს პროგრესს აღწევს იმ რეფორმებში, რომლებიც მას ევროკავშირში შეიყვანს - ურსულა ფონ დერ ლაიენი
"უკრაინა უდიდეს პროგრესს აღწევს იმ რეფორმებში, რომლებიც მას ევროკავშირში შეიყვანს", - ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს ისტორიული სამიტის დაწყებამდე გააკეთა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა დღემდე აგრძელებს იმ რეფორმებზე მუშაობას, რომლებიც მათი ქვეყნის ევროინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
უკრაინა უდიდეს პროგრესს აღწევს იმ რეფორმებში, რომლებიც მას ევროკავშირში შეიყვანს. ჩვენი გაფართოების ანგარიში ცხად პროგრესს აჩვენებს, ამ რეფორმების 90%-ზე მეტი უკვე შესრულებულია. ჩვენ გამოვყავით ოთხი რეფორმა, სადაც საბოლოო ნაბიჯებია საჭირო. ანგარიშის გამოქვეყნების მომენტიდან დღემდე უკრაინა აგრძელებს ყველა მათგანზე მუშაობას", - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
გადამწყვეტი საათების ათვალა დაწყებულია - ბრიუსელში ევროპული საბჭოს ისტორიული სამიტისთვის ემზადებიან. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ლიდერები რამდენიმე საათში დაიწყებენ შეკრებას.
ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან და კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ორდღიანი სამიტი არსებული ცნობებით, დაძაბულობით იქნება სავსე. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ კიდევ არ არის. მთავარი ბარიერი ისევ უნგრეთის პრორუსი ლიდერია, რის გამოც ვიქტორ ორბანთან დაძაბული საუბრები გრძელდება.