დარბაზიდან ორბანის გასვლა შოლცის იდეა იყო - "დოიჩე ველე"
ევროპული საბჭოს სხდომაზე კენჭისყრის დროს დარბაზიდან ვიქტორ ორბანის გასვლა ოლაფ შოლცის იდეა იყო
"დოიჩე ველე" ევროკავშირის რამდენიმე დიპლომატზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უკრაინის მიმართ უნგრეთის უარყოფითი პოზიციით გამოწვეული ჩიხიდან გამოსავალი გერმანიის კანცლერმა მოიფიქრა.
14 დეკემბერს, როცა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე კენჭი უნდა ეყარათ ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებისთვის, ამ გადაწყვეტილების მოწინააღმდეგე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დარბაზი დატოვა.
DW-ს წყაროების თანახმად, ორბანმა წინასწარ იცოდა, რა მოხდებოდა დარბაზში მისი არყოფნის დროს. გამოცემა Politico-ც თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ იდეა ოლაფ შოლცის იყო.
დარბაზიდან ორბანის გასვლის შემდეგ, ევროკავშირის დანარჩენი 26 ქვეყნის ლიდერმა ხმა მისცა უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას. იმის გამო, რომ უნგრეთს ვეტოს უფლებით არ უსარგებლია, გადაწყვეტილება კანონიერად ითვლება.