უნგრეთი მზადაა უკრაინის დაფინანსებაზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას დასთანხმდეს, თუმცა გარანტიებს ითხოვს

30.01.24 16:35
უნგრეთი მზადაა უკრაინის დაფინანსებაზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას დასთანხმდეს, თუმცა გარანტიებს ითხოვს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მზადაა, ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინის დახმარების დაფინანსებას დასთანხმდეს, თუმცა ვიქტორ ორბანმა, კონკრეტული პირობა წამოაყენა.

მისი თქმით, უნგრეთი ამ დათმობაზე იმ შემთხვევაში წავა, თუ დახმარების გაგრძელების გადაწყვეტილებას ყოველწლიურად, ერთსულოვნად დაამტკიცებენ.

„არ ვეთანხმებით ბიუჯეტის ცვლილებას, არ ვეთანხმებით, რომ 50 მილიარდი ევრო, რაც ძალიან დიდი თანხაა, უკრაინას მივცეთ. არ ვეთანხმებით, რომ ოთხი წლით იყოს უზრუნველყოფილი და ა.შ. თუმცა, უნგრეთი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ოცდაშვიდი ქვეყნის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, თუ გარანტიას მოგცემენ, რომ ყოველწლიურად გადავწყვეტთ, გავაგრძელებთ თუ არა ამ თანხის გაგზავნას და ამ წლიურ გადაწყვეტილებას უნდა ჰქონდეს იგივე სამართლებრივი საფუძველი, როგორც დღეს: ის უნდა იყოს ერთსულოვანი“, - განაცხადა ორბანმა გამოცემა Le Point-თან ინტერვიუში.