უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებას ევროკავშირის ხუთი სახელმწიფოს ლიდერი ითხოვს
ევროკავშირის ხუთი სახელმწიფოს ლიდერი უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებას ითხოვს - გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და დანიის, ჩეხეთის, ესტონეთისა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრებმა, ევროკავშირის სამიტამდე ერთი დღით ადრე, Financial Times-ში ერთობლივი წერილი გამოაქვეყნეს, რომლითაც უკრაინის შეიარაღებისთვის კოლექტიური ძალისხმევის გაზრდისკენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ.
მათი თქმით, ომში ჩართული ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების მხარდაჭერა და გაძლიერება, როგორც ევროპის, ისე უკრაინის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წარმოადგენს.
ჩვენ უკრაინის მეგობრებსა და პარტნიორებს მოვუწოდებთ, რომ უკრაინის მდგრადი გრძელვადიანი სამხედრო მხარდაჭერის მიმართ თავიანთი ვალდებულება, როგორც საერთო ევროპული პასუხისმგებლობა, დაადასტურონ. ეს ის გადაწყვეტილებაა, რომელიც ყველა სახელმწიფომ უნდა მიიღოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს უკრაინა რუსული აგრესიისგან თავის დაცვისას წარმატების მიღწევას.
გასული წლის დასაწყისში, ევროკავშირმა ამბიციური მიზნის მიღწევის ვალდებულება აიღო. 2024 წლის მარტის ბოლომდე უკრაინისთვის მილიონი საარტილერიო ჭურვი უნდა მიგვეწოდებინა. მკაცრი სიმართლე: ჩვენ ამ მიზანს ვერ მივაღწიეთ“, - აცხადებენ ევროკავშირის ლიდერები.