უკრაინის დახმარების მხარდაჭერის სანაცვლოდ, EU-მ უნგრეთს გაყინული აქტივები არ გაუთავისუფლა - Reuters

01.02.24 21:14
უკრაინის დახმარების მხარდაჭერის სანაცვლოდ, EU-მ უნგრეთს გაყინული აქტივები არ გაუთავისუფლა - Reuters

Reuters ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უკრაინის დახმარების მხარდაჭერის სანაცვლოდ, EU-მ უნგრეთს გაყინული აქტივები არ გაუთავისუფლა.

"ბუდაპეშტს კვლავ არ სურს შეასრულოს ევროკავშირის მიერ დადგენილი სტანდარტები, ასე რომ, უნგრეთი არ მიიღებს 6,3 მილიარდ დოლარს პან-ევროპული ბიუჯეტიდან, რომელიც ქვეყნისთვის 2022 წელს დაიბლოკა". - ციტირებს გამოცემა დიპლომატის ნათქვამს.

ამის პარალელურად კი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს, რომ უნგრეთის სახსრები უკრაინაში არ აღმოჩნდება.

“მისია შესრულებულია. უნგრეთის სახსრები უკრაინაში არ აღმოჩნდება, პირველი და მეორე წლის ბოლოს კონტროლის მექანიზმი გვაქვს. უკრაინაში მიმდინარე ომზე ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება: საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები”, - განაცხადა ორბანმა.

მისი თქმით, დეკემბერში ევროპულმა საბჭომ “ორი უნგრული პრობლემის” მოგვარება ვერ მოახერხა და ამიტომ უნგრეთმა მაშინ თანხმობა არ თქვა უკრაინისთვის დახმარებაზე.

“ვშიშობდით, რომ ევროკავშირის ფონდებიდან სახსრები, რომელიც უნგრელებისთვის არის განკუთვნილი და ევროკომისიის მიერაა დაბლოკილი, ადრე თუ გვიან უკრაინაში აღმოჩნდებოდა. ვშიშობდით, რომ რესურსები უკრაინას გრძელვადიანი პერიოდით უკონტროლოდ გადაეცემოდა”, - განაცხადა ორბანმა

ისტორიული გადაწყვეტილება და 50 მილიარდი ევრო უკრაინისთვის.  ევროკავშირი ომში მყოფ  ქვეყნას უპრეცედენტო რაოდენობის დახმარებას გადასცემს. შეთანხმებას ხელი  27-ვე სახელმწიფოს ლიდერმა მოაწერა, მათ შორის იყო ვიქტორ ორბანიც.  ხანგრძლივი შანტაჟისა და მუქარის შემდეგ უნგრეთის პრემიერი  გაანეიტრალეს.