ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ე.წ. პარლამენტში "უცხო აგენტების შესახებ" კანონპროექტი შეიტანა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. პარლამენტში "უცხო აგენტების შესახებ" კანონპროექტი შეიტანა - უცხო აგენტებად შეიძლება აღიარებული იყოს როგორც არაკომერციული ორგანიზაციები, ასევე ფიზიკური პირები.
დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფოებისგან, რომელთაც ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ, ან ამავე ქვეყნებში დარეგისტრირებული მოქალაქეებისაგან და იურიდიული პირებისგან ფულადი სახსრების მიღება კანონის დარღვევად არ ჩაითვლება.
კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს აფხაზეთის რესპუბლიკის ინტერესების დაცვასა და უსაფრთხოების, მისი სუვერენიტეტის, მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფას, და ასევე აფხაზური სახელმწიფოსა და საზოგადოების პოლიტიკურ საქმიანობაში უცხოურ ჩარევაზე დაუყოვნებლივი რეაგირების უზრუნველყოფას.
აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, უცხოეთის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები შესაძლოა აღიარებულ იქნან ფიზიკურ პირებად, რომლებიც უცხო აგენტის ფუნქციებს ასრულებენ, თუ ისინი ფულად სახსრებს და (ან) სხვა საკუთრებას იღებენ საზღვარგარეთ წყაროებიდან", - ნათქვამია ტექსტში.