ტრამპის საარჩევნო კამპანია - რესპუბლიკური პარტიის კიდევ ერთი შიდაპარტიული არჩევნების შედეგები ცნობილია

10.02.24 12:34
ტრამპის საარჩევნო კამპანია - რესპუბლიკური პარტიის კიდევ ერთი შიდაპარტიული არჩევნების შედეგები ცნობილია

 

დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანია - რესპუბლიკური პარტიის კიდევ ერთი შიდაპარტიული არჩევნების შედეგები ცნობილია. ტრამპმა პრეზიდენტობისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ორი გამარჯვება მოიპოვა. თუმცა ეს კვირა ასევე გამორჩეული იყო სასამართლო საქმეებითაც, რომელთა შედეგები შესაძლოა, თეთრი სახლის მეორედ დაკავების მსურველი ტრამპისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობის აღმოჩნდეს.

შეერთებული შტატების კონსტიტუციაში 158 წლის შესწორება შეიძლება, რომ გახდეს ის, რასაც 2024 წლის არჩევნებზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება. ამერიკის უზენაესი სასამართლო ისტორიული მნიშვნელობის საქმეზე მსჯელობს, თუმცა ეს არ არის ერთადერთი სასამართლო დავა, რასაც ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებზე შესაძლოა, დიდი ეფექტი ჰქონდეს. 

ბევრ პრეზიდენტს მოვსწრებივარ და ის არის პირველი, ვინც კონსტიტუციის განადგურებას ცდილობს. ჩვენმა დამფუძნებელმა მამებმა შეადგინეს კონსტიტუცია, მაგრამ 1860-იანი წლების ბოლოს გვქონდა აჯანყება და გამოიცანით, რა მოხდა. მათ დაწერეს მეთოთხმეტე შესწორება მესამე ნაწილით. თუ ამბოხის დანაშაული ჩაიდინეთ, საჯარო სამსახურში ვერ იმსახურებთ. რა არის არჩევნების ჩაშლის მცდელობა. მე ამას ამბოხს ვუწოდებ, ისევე როგორც კაპიტოლიუმის დანგრევას. ეს ამბოხია. ბოლოს კაპიტოლიუმი 1814 წელს, ბრიტანელებმა დაარღვიეს და ეს იყო ომი", - ამბობს მოსარჩლე, ნორმა ანდერსოი.

დონალდ ტრამპის მხარდამჭერები, რომლებსაც მისი რიტორიკის სჯეროდათ, რომ თითქოს, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა, კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, რადგან ჯო ბაიდენის გამარჯვების სერტიფიცირების პროცესი ჩაეშალათ.  კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ სხვა 11 შტატის მსგავსად თქვა, რომ საარჩევნო ბიულეტენზე მისი სახელი დატანილი არ უნდა იყოს. ყოფილმა პრეზიდენტმა სწორედ ამის შემდეგ წამოიწყო დავა სასამართლოში.

საპრეზიდენტო იმუნიტეტი არის კიდევ ერთი საქმე, რომელზეც უზენაესმა სასამართლომ შესაძლოა, იმსჯელოს. მანამდე ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ თქვა, რომ შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი მოქალაქე ტრამპია და არჩევნებში ჩარევის საქმეზე იმუნიტეტი არ გააჩნია.

დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიის ნომინაციის მოპოვებისთვის იბრძვის. ნომინაციის მოპოვების შემთხვევაში საპრეზიდენტო არჩევნებზე ის რესპუბლიკური პარტიის ოფიციალურ კანდიდატად დასახელდება.

რაზე დავობს ამერიკის 45-ე პრეზიდენტი შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში - დეტალები ნახეთ "ამერიკის ხმის" ჟურნალისტის, ქართლოს შარაშენიძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები