პუტინის მხრიდან ნავალნის მკვლელობა ანგარიშსწორების ცინიკური აქტია - ხიდაშელი

16.02.24 21:49
პუტინის მხრიდან ნავალნის მკვლელობა ანგარიშსწორების ცინიკური აქტია - ხიდაშელი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი "პოლიტიკური ამბების" ეთერში ალექსეი ნავალნის სიკვდილს "ანგარიშსწორების ცინიკურ აქტს" უწოდებს და ამბობს, რომ ეს არა მხოლოდ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ოჯახის, არამედ მთლიანად რუსეთის ფედერაციის ტრაგედიაა.

ხიდაშელის თქმით, ვლადიმერ პუტინის დაკვეთით ნავალნის მკვლელობამ ყველანაირი შესაძლებლობა დაუკარგა მოსახლეობას, რომ დემოკრატიული და თავისუფალი რუსეთი შეექმნათ.

ალექსეი ნავალნის მკვლელობა არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის მკვლელობა ქვეყნის პირველი ხელისუფლის მხრიდან. ეს არის, ერთი მხრივ, წარმოუდგენელი ანგარიშსწორების ცინიკური აქტი და მეორე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ რუს ხალხს უკლავენ ყველა შანსს, ყველა შესაძლებლობას, ყველა ალტერნატივას მომავლის, სხვანაირი რუსეთის შექმნისთვის.

იშვიათად მქონია ასეთი განცდა, რომ თითქოს, მთელი მსოფლიო უძლურია, გაჩერებულია და უყურებს იმ კატასტროფას, რომელიც რუსეთში ხდება. ახლა ყველაზე მეტად რაც მაღელვებს არის კარა-მურზას ბედი, რადგან ის განსაკუთრებით ჰყავს თვალში ამოღებული პუტინს და პირად მტრად მიაჩნია. არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ახლა მშვიდად შეიძლება იყოს", - ამბობს ხიდაშელი.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.    

მსგავსი სიახლეები