ნავალნის გარდაცვალება - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარეს

17.02.24 13:12
ნავალნის გარდაცვალება - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარეს

ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარეს.

ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი გამოიძახა, რათა მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ რუსეთის ხელისუფლებას სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ. ნავალნი ყალბი ბრალდებით დააკავეს, აკრძალული ნერვული აგენტით მოწამლეს და არქტიკის კოლონიაში გაგზავნეს. რუსული სისტემის სასტიკ ბუნებაში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს. მისი სიკვდილი სრულად და გამჭვირვალედ უნდა იყოს გამოძიებული“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით, პუტინის მთავარი ოპონენტი 47 წლის ალექსეი ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში, სადაც სასჯელს იხდიდა გარდაცვლილი იპოვეს.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია. პუტინის პრეს-მდივანი კი ამბობს, რომ ყევლაფერს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.

მსგავსი სიახლეები