მოვითხოვთ, გადმოგვეცეს ცხედარი - ნავალნის პრესმდივანი

ალექსეი ნავალნის გარდაცვალება მისმა წარმომადგენელმა დაადასტურა. კირა იარმიში ნავალნის დედისთვის გადაცემულ ოფიციალურ შეტყობინებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნი ადგილობრივი დროით, 14:17 საათზე გარდაიცვალა.
ალექსეი ნავალნის პრეს-მდივანი, კირა იარმიში ოჯახისთვის ცხედრის გადმოცემას მოითხოვს და ამბობს, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მკვლელობა ვლადიმერ პუტინის დაკვეთით შესრულდა.
მისი თქმით, ალექსეის დედამ ოფიციალური შეტყობინება მიიღო, სადაც წერია, რომ ნავალნი 16 თებერვალს, ადგილობრივი დროით 14:17 საათზე დაიღუპა.
სამ წელიწად ნახევრის წინ პუტინმა ალექსეის მოკვლა სცადა. გუშინ მან ეს შეძლო. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პირადად გასცა ასეთი ბრძანება და ის, რომ ალექსეის არასოდეს ეშინოდა მისი, არასოდეს ჩუმდებოდა და წყვეტდა მოქმედებას. ჩვენ არ უნდა დავნებდეთ, ეს არის ის, რისკენაც ალექსეი მოგვიწოდებდა", - თქვა იარმიშმა.
რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით, პუტინის მთავარი ოპონენტი 47 წლის ალექსეი ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში, სადაც სასჯელს იხდიდა გარდაცვლილი იპოვეს.
უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს
კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია. პუტინის პრეს-მდივანი კი ამბობს, რომ ყევლაფერს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.
შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.