საფრანგეთში მიაკვლიეს ვილას, რომელიც სავარაუდოდ, რუსული „გაზპრომის“ საკუთრებაა - ვინ დგას სომეხი ოლიგარქის უკან
საფრანგეთში, კურორტ როკებრიუნ-კაპ-მარტენზე მიაგნეს ვილას, რომელიც სავარაუდოდ, რუსული „გაზპრომის“ საკუთრებაა. პარიზის პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, სასამართლომ ვილაზე საკუთრების უფლება გაყინა.
გამოცემა „მონდის“ ინფორმაციით, ვილა „მარია ირინა“ ოფიციალურად ეკუთვნის წარმოშობით სომეხ ოლიგარქს, სამველ კარაპეტიანს, რომელიც რუსეთში საქმიანობს. პარიზის პროკურატურა მიიჩნევს, რომ რეალური მფლობელი რუსეთის ნავთობის და გაზის კომპანია „გაზპრომის“ შვილობილი ფირმა „გაზპრომ ნეფტია“.
პარიზის პროკურატურის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების გამოძიებით, ვილა გამოიყენებოდა ფულის გასათეთრებლად.
გამოძიების მასალებით, კარაპეტიანმა ვილის მფლობელი კომპანიის, Maritime Villa Holding SNC აქციები შეიძინა 115 მილიონი ევროს კრედიტით, რომელიც კომპანია „გაზპრომის“ საკუთრებაში არსებული „გაზპრომბანკისგან“ აიღო და გარანტიად ვილა ჩადო.
კარაპეტიანი უძრავი ქონების, მშენებლობის, ენერგეტიკის და ფინანსების სფეროში მომუშავე კომპანიების ჯგუფის, „ტაშირის“ პრეზიდენტია. „ფორბსის“ მონაცემებით, კარაპეტიანის ქონება 2,7 მილიარდი დოლარია. როგორც გამოცემა „მონდი“ წერს, კარაპეტიანის ბიზნესის წარმატება დიდწილად განაპირობა „გაზპრომისგან“ მიღებულმა კონტრაქტებმა.