რუსეთი უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო, „ჰამასი“ ისრაელზე ასეთ თავდასხმას არ განახორციელებდა - იტალიის პრემიერი

რუსეთი უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო, „ჰამასი“ ისრაელის წინააღმდეგ ასეთ თავდასხმას არ განახორციელებდა, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ იტალიურ გაზეთ Il Giornale-თან ინტერვიუში განაცხადა.
მელონი ამბობს, რომ თუ უკრაინაში საერთაშორისო სამართალი არ აღდგება, კონფლიქტები მოიმატებს.
„რუსეთი უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო, დიდი ალბათობით, „ჰამასი“ ისრაელის წინააღმდეგ ასეთ თავდასხმას არ განახორციელებდა. გარდაუვალი იყო, რომ საერთაშორისო სამართლის ასეთ სერიოზულ დარღვევას, უფრო მეტიც, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მიერ, მსოფლიოს სხვა ნაწილებში, ახლო აღმოსავლეთიდან ბალკანეთამდე და აფრიკამდე, გადამდები შედეგები მოჰყვებოდა. ეს არის თამაში, რომელსაც ჩვენ ვთამაშობთ და უნდა გვესმოდეს, რომ თუ უკრაინაში საერთაშორისო სამართალი არ აღდგება, კონფლიქტების აფეთქებები მოიმატებს“, - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.
ჯორჯია მელონი დღეს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, კიევში ჩავიდა, საიდანაც „დიდი შვიდეულის“ სამიტს უხელმძღვანელებს.