ბაიდენი იმედოვნებს, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ორშაბათამდე მოხდება
აშშ-ის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ისრაელი-ღაზის ომში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა მომავალი კვირის ორშაბათამდე მოხდება.
„ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ჩემი მრჩეველი მეუბნება, რომ ახლოს ვართ. ჯერ არ დაგვისრულებია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომავალ ორშაბათს ცეცხლის შეწყვეტა გვექნება“, - აღნიშნა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმითვე, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით, რამადანის პერიოდში ისრაელი ღაზაში მოქმედებებს შეაჩერებს.
„რამადანი ახლოვდება და ისრაელი დათანხმდა შეთანხმებას, რომ რამადანის დროს მოქმედებებში არ ჩაერთვებიან, რათა ყველა მძევლის გასათავისუფლებლად მეტი დრო მოგვეცეს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ისრაელსა და პალესტინელ მებრძოლთა ჯგუფ "ჰამასს" შორის, რომელიც ღაზის სექტორს მართავს, ომი უკვე 4 თვეა მიმდინარეობს.