"თუ რამე ინიციატივა გააძლიერებს უკრაინას, ეს მთელი მსოფლიოსთვის კარგი იქნება" - ზელენსკი მაკრონის ინიციატივაზე

28.02.24 18:38
"თუ რამე ინიციატივა გააძლიერებს უკრაინას, ეს მთელი მსოფლიოსთვის კარგი იქნება" - ზელენსკი მაკრონის ინიციატივაზე

მსოფლიო ლიდერების ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მიმართული იქნება უკრაინის გაძლიერებაზე რუსული აგრესიის მოგერიებაში, კარგი იქნება მთელი მსოფლიოსთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მანამდე ჰქონდა ნაყოფიერი შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტთან, სადაც განიხილეს მრავალი ინიციატივა, როგორ უნდა გაძლიერდეს უკრაინა ბრძოლის ველზე. ზელენსკის განმარტებით, ამავდროულად, მთავარი ფუნდამენტური ინიციატივა ამ დროისთვის არის ის, რომ პარტნიორებმა შეასრულონ წინა შეთანხმებები უკრაინისთვის იარაღის დროულად მიწოდებაზე.

„ჩვენ უნდა გადავრჩეთ და გადარჩენა უკრაინისთვის ნიშნავს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მე არ შემიძლია, გაგიზიაროთ მაგალითად, არტილერიის რაოდენობა, 155 მმ-იანი საბრძოლო მასალის რაოდენობა. ყველაფერი, რის შესახებაც ჩვენ გვაქვს შეთანხმებები და ხელშეკრულებები, დროულად უნდა მოვიდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

პარიზში 26 თებერვალს უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც 20 სახელმწიფოს ლიდერი მონაწილეობდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის მოკავშირეები შექმნიან კოალიციას უკრაინისთვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებისთვის. მისივე თქმით, პარიზში გამართულ კონფერენციაზე ლიდერებმა განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. 

მსგავსი სიახლეები