იერიში ოკუპანტის ტერიტორიაზე - რუსული ქალაქები საარტილერიო ჭურვებით იბომბება

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, საომარმა მოქმედებებმა რუსეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლა - ქალაქი ბელგოროდი და კურსკი საარტილერიო ჭურვებით იბომბება, რასაც უკვე 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მოხალისეთა ჯგუფმა სახელად "რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა" წამოაყენა ულტიმატუმი, რომ 14 მარტის 3-საათამდე ქალაქებიდან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია მომხდარიყო, თუმცა რუსეთის ხელისუფლებამ ჯარისკაცების გაფრთხილება არაფრად ჩააგდო.
ახლა კურსკისა და ბელგოროდის მაცხოვრებლებს უსაფრთხო ადგილზე გადასვლა ტყვიებისა და აფეთქებების ფონზე უწევთ.
რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით, მშვიდობიანი ქალაქებისა და სოფლების მიმართულებით, მასირებული დარტყმები ხორციელდება. იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა - ქალები, ბავშვები, მოხუცები. ჩვენ გავაფრთხილეთ კურსკისა და ბელგოროდის ხელისუფლებები, რომ საპასუხო ცეცხლს გავხსნიდით, რადგან ჩვენ იძულებულები ვართ სამხედრო ობიექტებიდან შეტევებს საპასუხო დარტყმებით ვუპასუხოთ. ამ ოლქების ხელისუფლებებმა დააიგნორეს ჩვენი გაფრთხილება. არანაირი ზომები კურსკისა და ბელგოროდის მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებით არ გაუტარებიათ. ამიტომ მე პირდაპირ, ამ რეგიონების მოსახლეობას მივმართავ - დაუყოვნებლივ დატოვეთ კურსკი და ბელგოროდი, ამ რაიონებში მჭიდრო დასახლების პუნქტები, რადგან ჩვენ გავხსნით საპასუხო ცეცხლს სამხედრო სამიზნეების მიმართულებით!", - ამბობს "რუსეთის მოხალისეთა კორპუსის" მებრძოლი.
ფრონტის ხაზმა რუსეთის ტერიტორიის შიგნით გადაინაცვლა. ე.წ. ნაცრისფერი ზონა მხოლოდ უკრაინის საზღვართან აღარ არის. ახლა უკვე საარტილერიო ჭურვებით ოკუპანტების რამდენიმე სოფელი იბომბება, რომელზეც რუსმა საოკუპაციო ძალებმა კონტროლი სრულად დაკარგეს.
უკრაინელმა ჯარისკაცებმა ასევე ააფეთქეს ქალაქ სოსნოვკას სამედიცინო ექსპერტიზის ბიურო, თუმცა ხაზგასასმელია, რომ უკრაინელების მთავარ სამიზნეს სამხედრო ობიექტები წარმოადგენს და არა მშვიდობიანი მოსახლეობა.
ჩვენ გავამაგრეთ პოზიციები ნიოტკინასთან და მის მიმდებარედ, აქტიური სამხედრო შეტაკებები მიმდინარეობს ბელგოროდის ოლქში. ერთგვარი ნაცრისფერი ზონა უკრაინის საზღვრიდან უკვე რუსეთის სიღრმეში შედის. მთელი ზოლი არის საზღვრისპირა სოფლების, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ვეღარ აკონტროლებს. ჯერ ნაადრევია საუბარი, იქ ახალ მმართველობაზე, თუმცა ნაცრისფერი ზონა რუსეთის სიღრმისკენ გადაადგილდება, ეს ფაქტია. ჩვენ დემილიტარიზაციას ვახორციელებთ რუსეთის საზღვრისპირა ტერიტორიების, რადგან სწორედ აქედან ხდება დარტყმები უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე და ქალაქების მიმართულებით. იქნება საპასუხო დარტყმები ბელგოროდის და კურსკის მიმართულებით, არა ქალაქებზე, არამედ სამხედრო ობიექტებზე, რომლებიც ამ ოლქებშია. ეს ჩვენი გამათავისუფლებელი მოძრაობის მეორე ფაზაა!", - აცხადებს უკრაინელი მებრძოლი.