ანტონიო გუტერეში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარებას გმობს

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარებას გმობს, - ამის შესახებ განცხადება გაერო-ს პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა გაავრცელა.
გაერო-ს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიის მცდელობას საერთაშორისო სამართლის მიხედვით იურიდიული ძალა არ გააჩნია.
„გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, გენერალური ასამბლეის შესაბამისი რეზოლუციების მიხედვით, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერთგული რჩება“, - განაცხადა გაერო-ს პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა.